საქართველოს კანონი ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ: "სამუშო ვერსია"
GETA is online

საქართველოს პარლამენტში „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი არის დაინიცირებული, რომლის აქტიური განხილვაც ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია.

კანონპროექტის თანახმად ელექტრული ქსელების მოწყობა გახდება კონტროლირებადი. გაჩნდება ლიცენზირებულ კომპანიათა ელექტრონული რეესტრი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეარჩიოს ესა თუ ის ლიცენზირებული კომპანია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად. 10 კილოვატი და მასზე მეტი სიმძლავრის ელექტრო-სისტემაზე შეუძლებელი გახდება ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება არალიცენზირებული/არასერტიფიცირებული სუბიექტების მიერ.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, 10 და მეტი კილოვატი სიმძლავრის ობიექტებზე ელექტრული ქსელების მოწყობა/შეკეთება მხოლოდ ლიცენზირებული იურიდიული პირების მიერ უნდა განხორციელდეს. ლიცენზიის საორიენტაციო საფასური შეადგენს 200 000 ლარს, რომლის გადახდაც ლიცენზირებულ კომპანიებს დაეკისრებათ 2 წლის განმავლობაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2 წლის გასვლის შემდეგ, საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში კომპანიებს განმეორებით მოუწევთ 200 000 ლარის გადახდა.

ასევე, დღეისთვის არსებულ ელექტრულ ქსელებში უსაფრთხოება და მდგრადობა შემოწმებადი იქნება შესაბამისი სააგენტოს კვალიფიციური თანამშრომლების მიერ, გაიცემა დასკვნები, რომელშიც დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება განხორციელდება მხოლოდ ლიცენზირებული/სერტიფიცირებული სუბიექტების მიერ.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო (სსიპ-ენერგო უსაფრთხოების და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო) შეიქმნება, რომელიც გასცემს ლიცენზიას, იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ელექტრულ სამუშაოებს (მშენებლობისას, რეაბილიტაციისას, რემონტისას). აღნიშნული ორგანოს დაფინანსების ძირითადი წყარო სწორედ იურიდიული პირებისგან მიღებული შემოსავალი იქნება.

სააგენტოს დაუდგინდება ვალდებულება ლიცენზირებული კომპანიების რეესტრის შექმნის თაობაზე, ასევე მათი საქმიანობის კონტროლის/ანგარიშგების/პერიოდული შემოწმების ფორმისა და წესის შემუშავების თაობაზე.

განხორციელდება ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში, რაც გამორიცხავს ამ ცვლილების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ობიექტებში ამგვარი სამუშაოების წარმოქმნას არალიცენზირებული კომპანიების მიერ.

ასევე განისაზღვრება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები არალიცენზირებული კომპანიების მხრიდან სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში.

შემოღებული იქნება სერტიფიცირების წესი, რომლის თანახმადაც, კომპანიებში დასაქმებული პირები, ვინც უშუალოდ განახორციელებენ ელექტრო-ტექნიკურ სამუშაოებს, ვალდებულები გახდებიან შესაბამისი გადამზადების შედეგად მოიპოვონ უსაფრთხოების სერტიფიკატი.

როგორც „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტშია აღნიშნული, დღეს საქართველოში ელექტრო გაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიისა და კვალიფიკაციის არმქონე სუბიექტების მიერ, ასევე არ არსებობს სათანადო სისტემატიზირებული მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს შემსრულებელი კომპანიების საქმიანობის კონტროლს და შესრულების ხარისხს.

აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას და ქსელში შესაძლო ავარიებისა და არაგეგმიური გათიშვების პრევენციას.

საქართველოს ელექტროტექნიკური ასოციაციის განცხადება

საქართველოს ელექტროტექნიკური ასოციაცია მხარს უჭერს სექტორში აუცილებელი ცვლილებებისა და რეგულაციების დანერგვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებელთა უსაფრთხოება, შეიქმნას ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემო და მხარი დავუჭიროს სფეროს მდგრად განვითარებას.

ჩვენ ვთვლით, რომ რეგულირებისთვის მზაობა სწორად გადადგმული ნაბიჯია; თუმცა, ჩვენი პოზიციაა, რომ კანონპროექტის დღევანდელი ვერსია საჭიროებს შემდგომ დამუშავებას, რათა მაქსიმალური ეფექტიანობით მიაღწიოს სასურველ შედეგებს. გამოსასწორებელი მთავარი საკითხებია: კომპანიის ლიცენზირების მოდელის გადახედვა, რათა ის არ იყოს დამაბრკოლებელი ლეგიტიმური მცირე და საშუალო საწარმოებისთვის; თანამშრომლების სერტიფიცირების პროცესისა და ობიექტების ინსპექციის პროცედურების დახვეწა. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებით.

ამ ცვლილებების ხელშესაწყობად, ჩვენ ვთავაზობთ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა აღნიშნული საკითხები კოლაბორაციულად მოგვარდეს. გარდა ამისა, რეგულაციების ფაზებად დანერგვის მიდგომა და პილოტური ტესტირება შერჩეულ რეგიონებში შესაძლოა მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვებაში დაგვეხმაროს და უზრუნველყოს ინდუსტრიაში უფრო რბილი გადასვლა, რითაც შემცირდება დისკომფორტი.

ეს პროაქტიული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ კანონმდებლობამ მოიტანოს სარგებელი ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ხელი შეუწყოს ბაზრის მდგრადობას და მაქსიმალური ეფექტიანობით მიაღწიოს მისთვის დასახულ მიზნებს.

გააზიარეთ ეს პოსტი

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მსგავსი

სიახლეები
matsne-png-1
ტექნიკური რეგლამენტი ელექტრომოწყობილობებზე კონკრეტული ძაბვის დიაპაზონებში: პასუხისმგებლობები და შესაბამისობის სახელმძღვანელო

ბიულეტენის გამოწერა

Please confirm that you are happy to receive newsletters from GETA:

Become our partner